თეა წულუკიანი - "ეს დიდი თავისტკივილია, რაც მემკვიდრეობით მერგო" [Video]
იუსტიციის სამინისტრო საპილოტე პროექტს იწყებს.
თეა წულუკიანის თქმით, მიწის რეგისტრაციის სტრატეგია შემუშავდა.
"პროექტი ორ წელზეა გათვლილი. ყველა რეგიონში, მათ შორის კახეთშიც შევარჩიეთ საპილოტე სოფლები. კახეთში ასეთი ოთხი სოფელია. აქ ჩვენ მოვავლენთ ჯგუფებს. ეს ადამიანები არა მხოლოდ უფასოდ დაეხმარებიან სწორად აზომვაში სოფლის მოსახლეობას არამედ, უფლების დამდგენი დოკუმენტების მოპოვებაში, სწორად წარმოდგენაში, რათა მათ, პრობლემები აღარ შეექმნათ. ჩვენ გვაქვს ეროვნული პრობლემა, ეს არის მიწის რეგისტრაციის უქონლობა საქართველოში. ჩვენი ქვეყანა კადასტრით დაფარული არ არის, ამას გვსაყვედურობს ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს ყოვლისმომცველი პრობლემაა, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ გავასწორებთ. იმედი მაქვს ეს პრობლემა 2-3 წელიწადში მოგვარდება."- განუცხადა speqtri.ge-ს მინისტრმა.
თეა წულუკიანმა წინა ხელისუფლების დროს მიწის მარტივ გადაფორმებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური მანიპულაცია იყო.
"2012 წელს და მანამდეც, რამდენიმე ტალღად განხორციელდა მარტივი რეგისტრაციის პროგრამები. ყველაზე პრობლემატურია USAID-ის დახმარებითა და მათი ფულით წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული მანიპულაცია. გლეხებს უთხრეს, რომ მარტივად დაურეგისტრირებდნენ ქონებას. ეს არ არის ცუდი, მაგრამ მას საბუთების სწორად შედგენასა და აზომვაში უნდა მიეხმარო. მასიური რეგისტრაციის დროს არ ხდებოდა სწორი რეგისტრაცია, იმის შემოწმება, მოქალაქეს სწორად ჰქონდა თუ არა საბუთები. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამგვარი რეგისტრაციის გაუქმება დაგვჭირდა. იყო შემთხვევა, როდესაც მოქალაქემ თავად განაცხადა, რომ ეს მიწა მას არ ეკუთვნოდა. ეს დიდი თავისტკივილია, რაც მემკვიდრეობით მერგო წილად."
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს, მარტივი რეგისტრაცია კანონიერი იყო, თუმცა ზედაპირულად შესრულებული.
" მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს გამოიყენა, გლეხისთვის იმის სათქმელად, რომ ნახე რა კარგი ვარ, უფასოდ გირეგისტრირებ მიწას. ამაში დანაშაული არ არის, თუმცა ეს პოლიტიკური მანიპულაციაა."
https://youtu.be/rICcELTFvTQ
მასალის გამოყენების პირობები