ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემის
ბრალდებით სამი პოლიციელი დააკავეს. ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა
განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მიხეილ ხუციშვილი, ბორის გოგიჩაიშვილი და პაატა
კვინიკაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები.
"პროკურატურამ ამ საქმისთვის საჭირო ყველა მტკიცებულება შეაგროვა,
დაწყებული ექსპერტიზის დასკვნებით და დასრულებული ყველა მოწმით,
რომელიც ამ საქმეში ფიგურირებდა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო
პროკურატურამ სამართალდამცველების ამოსაცნობად დამიბარა, თუმცა ამაზე
უარი თავად განუცხადებიათ. რამდენადაც ამიხსნეს, ამის უფლება გააჩნიათ
კიდევაც, მაგრამ რომც არ ჰქონდეთ, ისედაც ყველაფერი ნათელია. მათი
უარი კი ისევ თავიანთ საქციელზე მეტყველებს, რადგან იციან, რომ
გაშიფრულები არიან და ეს ვიდეო-კადრებზეც ძალიან კარგად ჩანს. ახლა
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სასამართლომ ეს ადამიანები სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მისცეს, რადგან არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში
მოქალაქეებს თავს უმიზეზოდ ესხმოდნენ, თანაც სამართალდამცველები.
მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს, იმედი მაქვს ეს ასეც
იქნება,"-განაცხადა გასვიანმა.
ცნობისთვის, ის გასული წლის 18 დეკემბერს ბორჯომში სცემეს. მისი
მტკიცებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები თავს უმიზეზოდ
დაესხნენ და იარაღის მუქარით მოსთხოვეს მომხდარის შესახებ არაფერი
ეთქვა.
მასალის გამოყენების პირობები