დღეიდან, საქართველოში სესხების გალარების პროგრამა ამოქმედდა. ის
ერთჯერადია და ორი თვე გაგრძელდება. პროგრამას საქართველოს მთავრობა
და ეროვნული ბანკი ახორციელებს.
გალარების პროგრამა შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური
პირების (მათ შორის ინდმეწარმეების) უძრავი ქონებით სრულად ან
ნაწილობრივ უზრუნველყოფილ აშშ დოლარის მიმდინარე სესხებს, რომელთა
სესხება 2015 წლის 1 იანვრამდე მოხდა.
სუბსიდია შეეხება მხოლოდ უზრუნველყოფილ ნაწილს, უზრუნველყოფის საგნად
გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ბოლო არსებული
შეფასებით. გალარების პროგრამა მოიცავს სესხებს, რომელთა მიმართებაში
ბანკი არის (ან პორტირების შემთხვევაში იქნება) პირველი რიგის
უზრუნველყოფილი კრედიტორი (იპოთეკარი). ბენეფიციარი პროგრამის
ფარგლებში თავისუფლდება უზრუნველყოფის საგნად გამოყენებულ უძრავ
ნივთზე უფლების/ვალდებულების (იპოთეკის) რეგისტრაციისთან
დაკავშირებული საფასურისგან.
სესხის სუბსიდირება მოხდება 40 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში. სესხების
გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს
გამოკლებული 20 თეთრი. სუბსიდია არ შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური
შემოსავალი 2016 წელს 100 000 ლარზე მეტი იყო ან 2016 წლის 28
ნოემბრის მდგომარეობით, ბანკში მისი სესხის ძირითადი თანხის ჯამური
დავალიანება 100 000 (ასი ათას) აშშ დოლარს აღემატება.
სესხების გალარება ნებაყოფლობითია. ბანკები ვალდებულნი არიან ამ
პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს და შესთავაზონ მათ
თავიანთი პირობები. მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული
პირობებიდან გამომდინარე თავად აირჩიოს ბანკი. პროგრამის ფარგლებში
გაუქმდება სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიო.
მასალის გამოყენების პირობები