გურჯაანში, გარემოვაჭრეებს ვაჭრობის ვადა ხვალ ეწურებათ. გამგეობამ
ისინი უკვე გააფრთხილა.
-„ჩემთვის ჯერ არაფერი უთქვამთ, მაგრამ სხვებთან უკვე მივიდნენ და
უთხრეს, პროდუქტი უნდა აიღოთო. ბაზარში ფიზიკურად ვერ გავჩერდებით,
რადგან ადგილი არ არის. რა უნდა ვქნა, სახლში დავჯდები მშიერი და
მაშინ ჩემი ბანკის ვალები გამგეობამ გადაიხადოს. პრობლემაა ისიც, რომ
ჩვენი ფასები ბაზრის ფასებთან შედარებით დაბალია, მერე ერთმანეთს
ვეჩხუბებით მოვაჭრეები.“- ამბობს ვაჟა მაისურაძე.
თუკი გარემოვაჭრეები ტერიტორიას არ დატოვებენ, გურჯაანის
მუნიციპალიტეტის გამგეობა კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
-„ხვალ, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები
ადგილზე გავლენ. გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მოუწევთ. თუ
წინააღმდეგობას გაუწევენ, სავრაუდოდ პოლიცია ჩაერთვება. ჩვენს შორის
შეთანხმება იყო, რომ ძველით ახალ წლამდე უნდა დარჩენილიყვნენ. ახლა
ისინი ვალდებულები არიან ბაზარში გადაინაცვლონ.“- აღნიშნა გურჯაანის
მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის
განყოფილების უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.
ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე მუხლის
თანახმად, გარევაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე
გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50
ლარამდე ოდენობით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოს
უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობასთან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე
ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით
სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
მასალის გამოყენების პირობები