სოციალურად დაუცველი და სხვა მოწყვლადი ჯგუფის ბავშვების ყოველთვიური
დახმარება იზრდება. ამის შესახებ საქართველოს დევნილთ, შრომის,
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წლის 1 ივლისიდან,
სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, გასულ წელთან შედარებით 50
ლარით გაიზრდება და ისინი ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს
მიიღებენ.
როგორც ცნობილია, ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად
დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000
ქულას.
პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია და გაზრდილ დახმარებას
დაახლოებით 232 000-მდე ბავშვი მიიღებს.
სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს, შშმ ბავშვებისა და მკვეთრად
გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემელი გაიზარდა და გახდა 275
ლარი; 2023 წლიდან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის
სტატუსის მქონე პირებისთვის და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის,
სოციალური პაკეტი გაიზარდა 65 ლარით და განისაზღვრა 340 ლარით;
„დღემდე ჩვენ ვიკვლევდით ბავშვთა სიღარიბეს. აღმოჩნდა, რომ
მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს საქართველოს ბავშვთა სიღარიბის
შემცირების მიმართულებით. თუ გავითვალისწინებთ, პანდემიის ფაქტორს და
იმას, რომ რეგიონში და მსოფლიოში ბავშვთა სიღარიბე პანდემიის შემდგომ
გაიზარდა, საქართველოში, ბოლო ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად
იკლებს სიღარიბე. ეს დღესაც აღინიშნა მათ შორის ბავშვთა ფონდის
წარმომადგენლების მიერ, რომ ეს არის სწორედ მთავრობის მიერ
განხორციელებული პოლიტიკის შედეგი,“- აცხადებენ დევნილთა, შრომის
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები