11 ივლისს, სასტუმრო „სტამბაში“ ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის
საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
პატრონაჟით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული
განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების
კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში დაფინანსებული მუნიციპალური
ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაში 4 რეგიონის მუნიციპალიტეტები იღებდნენ მონაწილეობას, მათ
შორის იყო კახეთიც. ზემოთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში
დაფინანსებული პროექტი წარადგინა სიღნაღის მუნიციპალიტეტმაც, რაც
გულისხმობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
„მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ და გაცნობოთ, რომ 300 000 ლარის
გრანტი მოვიპოვეთ, რომელიც მუნიციპალიტეტში შემოსასვლელის
ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.
ღონისძიებაზე ჩემს მსგავსად, საქართველოს 4 რეგიონიდან: გურიიდან,
იმერეთიდან, კახეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან, 13
მუნიციპალიტეტის მერს მისცეს საშუალება, წარმოედგინა CESL პროექტის
ფარგლებში დაფინანსებისთვის შერჩეული ინიციატივები,“ - აღნიშნა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ სიღნაღის გარდა CESL-ის ფარგლებში დაფინანსება
მიიღეს დედოფლისწყაროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებმაც.
დედოფლისწყაროში
განახლდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და შეიქმნება
მულტიფუნქციური სივრცე. გურჯაანის მუნიციპალიტეტში კი,
ყველაწმინდასა და სოფელ ფხოველს შორის 5,2 კმ-იანი
საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი და მოსასვენებელი
ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები