საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის
შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია
"პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. მან ასევე
აღნიშნა, რომ თავად შეწყალების აქტისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია.
"ეს გადაწყვეტილება მივიღე დღეს დილით 10 საათზე. არ დაველოდე არც
არავის მოწოდებას, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს, არც მუქარებს, იმიტომ
რომ ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9
წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ გადაწყვეტილება იყო
მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე. ამაზე რამდენიმე დღეა,
ვფიქრობ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა
პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ მის გადაწყვეტილებას მოჰყვება მცდელობა,
დააპირისპირონ პოლიციასთან. იგი აქვე ხაზს უსვამს, რომ გრიგორიადისის
სისხლის სამართლის საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებები იყო.
"ახლა იქნება მცდელობა- ნაცი, ნაცი, მიჩვეული ვარ, ხან ნაცი
ვარ, ხან "კაგებე", ამ ქვეყანაში ყველაფერი დამარქვეს, ამისთვის მზად
ვარ. იქნება მცდელობა, რომ მთავარსარდალი და პოლიცია- ეს
დაპირისპირება. მე მინდა, პოლიციას ვუთხრა: ეს არანაირი წაქეზება არ
არის. ჩემი აზრია, რომ აქ არაა მტკიცებულებები, რომ ეს ასე მოხდა.
მინდა ყველას მოვუწოდო, ამ ქვეყანაში პოლიცია არათუ საპატივცემულოა და
ძალიან მნიშვნელოვანი, იმ პერიოდში სადაც შევდივართ, პოლიციის როლია
ძალიან მნიშვნელოვანი, ესენი იქნებიან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის
სადარაჯოზე. მიდის მცდელობა, რომ საზოგადოება გაყონ, დააჯახონ,
გაიმეორონ წარსულიდან ძალიან ცუდი ფურცლები და ამ ყველაფერში ჩვენი
დამცველი არის და იქნება პოლიცია", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 22 წლის
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი დღეს, 12 აპრილს მოსამართლე
ზვიად შარაძემ გამოაცხადა. ერთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მან
გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის
კოდექსის ორი მუხლით:
• 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა
მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით);
• 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის
განადგურება, ცეცხლის წაკიდებით).
მასალის გამოყენების პირობები