კოლეჯ "აისის" მასწავლებელმა კონფერენციაზე პირველი ადგილი დაიკავა
კოლეჯ "აისის“ ტუროპერატორის სპეციალობის მასწავლებელმა გიორგი
ჩერქეზიშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ბორჯომში
გამართულ კონფერენციაზე პირველი ადგილი დაიკავა.
კონფერენციის თემა იყო- "ტურიზმის განვითარების პერსპექტივები
სამცხე-ჯავახეთში, ქვემო და შიდა ქართლში."
-"რეგიონული კონფერენციაა და მას ტრადიციული ხასიათი აქვს, ეს ნიშნავს
იმას, რომ მომხსნებლებმა კონკრეტულ რეგიონებზე უნდა წარმოადგინონ
თავიანთი ტურისტული იდეები და ინოვაციები. შემდეგ ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია ამ ყველაფერს აგროვებს, ამუშავებს და სტრატეგიას
ადგენს. ჩემი მოხსენება იყო არა ნოვატორული იდეები, არამედ ზუსტად
გაწერილი კონკრეტული პროექტი სამცხე-ჯავახეთის ეკო და აგრო ტურიზმთან
დაკავშირებით, წარვადგინე ხუთი ტურისტული მარშრუტი." - აღნიშნა
speqtri.ge-სთან გიორგი ჩერქეზიშვილმა.
მას საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სერტიფიკატი
და ფულადი ჯილდო გადასცა. ასევე, დასაჩუქრდა სპონსორების მიერ
დაწესებული ფასიანი პრიზებით.
მასალის გამოყენების პირობები