კორონავირუსზე ორჯერ ვაქცინირებული პირებისთვის შესაძლოა შეზღუდვები მოიხსნას
იმ პირებისთვის, ვისაც ვაქცინის 2 დოზა ექნება გაკეთებული, შესაძლოა
კომენდანტის საათი და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვები
მოიხსნას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მომავალ კვირაში აპირებს,
საკოორდინაციო საბჭოში ინიციატივით შევიდეს, რომ ადამიანებს ვაქცინის
2 დოზის მიღების შემთხვევაში შეღავათები ჰქონდეთ. გამყრელიძის
განმარტებით, რამდენიმე ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს
გარე სივრცეში პირბადის გარეშე შეუძლიათ ყოფნა, ასევე, მათთვის არ
მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა.
„ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო
გამოცდილებით არის - იგივე კომენდანტის საათის დროს თავისუფალი
გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი...
რამდენიმე ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ,
რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად
აიცრას. ამაზე ვფიქრობთ, ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი
კვირის განმავლობაში, უკვე, დაახლოებით, 15 მაისამდე დაგვიგროვდება 14
000-მდე სრულად, ორჯერადად აცრილი მოქალაქე. ადამიანებს მეტი სტიმული
და შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან და შესაბამისად ეს გახმოვანდება.
მეტი სტიმულია საჭირო, რომ ადამიანები აიცრან. პანდემია აცრის გარეშე
არ დასრულდება და რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო სწრაფად
დაესმება წერტილი ეპიდემიას“, - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები